1-ელ ოქტომბერს, ლონდონის ვესტენდში, კინოთეატრში „REGENT STREET CINEMA“ ქართული ფილმების მე-4 ფესტივალი „კინოში ასახული ცხოვრება“ ზაზა ურუშაძის ფილმით „მანდარინები“ გაიხსნება. „REGENT STREET CINEMA“, 180-ადგილიანი კინოდარბაზით, ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ცენტრია ლონდონში.
ქართული კინო კვირეული ლონდონში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 1-დან 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ფესტივალი, რომელსაც უკვე 10 წლის ისტორია აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა ბრიტანეთში. ფესტივალის ფარგლებში, მაყურებელს საშუალება ექნება გაეცნოს თანამედროვე ქართული კინოს საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ქართულ კინოკლასიკას და ძველი შედევრების აღდგენილ ნამუშევრებს.
მაყურებელი რეჟისორ ოთარ იოსელიანის ახალ ფილმს „ზამთრის სიმღერას“ იხილავს. ფესტივალის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება ბოლო პერიოდში გადაღებული ქართული ფილმები - „არ ისუნთქო“, „სიმინდის კუნძული“, „გრძელი, ნათელი დღეები“, „პატარძლები“, „შემთხვევითი პაემნები“.
ფესტივალის ფარგლებში, შედგება რამდენიმე მსოფლიო და ბრიტანული პრემიერა. ლონდონის ისტ-ენდში, კინოთეატრ Rich Mix Cinema-ს კაფეში გაიმართება საღამო, სადაც ქართველი მუსიკოსების მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ნაჩვენები იქნება რეჟისორ მიხაილ კალატოზოვის ქართული უხმო კინო „ლურსმანი ჩექმაში“. ასევე მოეწყობა დისკუსია თემაზე: „ქართული ლიტერატურა კინოში“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მწერალი აკა მორჩილაძე, ლიტერატურათმცოდნე დონალდ რეიფილდი, მხატვარი ნანუკა ჩიჩუა და ამერიკელი პოეტი ლაინ კოფინი, რომელმაც სულ ახლახანს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნა.
წელს ფესტივალს ქართველი ხელოვანები ესტუმრებიან, მათ შორის: ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ლევან თუთბერიძე, ოთარ იოსელიანი, ნინო კირთაძე,
ლაშა ცქვიტინიძე, უტა ბერია, თორნიკე ბზიავა, ტატო კოტეტიშვილი, რეზო კიკნაძე, თინათინ ყაჯრიშვილი და ლაშა ხალვაში.
ფესტივალის დაწყებამდე, 16 სექტემბერს ვესტმინსტერის უნივერსიტეტში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ ლონდონის კინოფესტივალის დირექტორი ჯეისონ ოსბორნი, ცნობილი მსახიობი მარიამ დაბო, რეჟისორი მოხსენ მახმალბაფი, კინოდოკუმენტალისტი დეივიდ ტომპსონი, ჟურნალისტი ჯეიმს ნორტონი, აკა მორჩილაძე, ქეთი ჯაფარიძე, რევაზ გაჩეჩილაძე და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. პრესკონფერენციას თბილისიდან ვირტუალურად შეუერთდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რომელმაც ქართული კინო კიდეც ერთხელ წარუდგინა ლონდონში მყოფ სტუმრებს.
წელს ფესტივალი, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი და მნიშვნელობა ლონდონის კულტურულ რუკაზე, ემთხვევა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თამაშებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისში.