ხვალ, 30 სექტემბერს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობათა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი დაესწრებიან.
თბილისის ჯაზ-ფესტივალში, რომელსაც 23-29 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ. წლევანდელ ჯაზ-ფესტივალს ცნობილი კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი გახსნის, რომელიც პოპ-სიმღერების ჯაზურ ვარიაციებს ახალი ალბომიდან „Wallflower“ შეასრულებს. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე, განახლებული პროგრამით წარდგება ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი. მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალის 6 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე არიან: მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“.
ფესტივალის პროგრამა:
23 ოქტომბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - DIANA KRALL - Wallflower World Tour
25 ოქტომბერი-20:00სთ-თბილისის საკონცერტო დარბაზი-ESPERANZA SPALDING Presents: EMILY’S D+EVOLUTION
26 ოქტომბერი - 20:00 სთ - ივენთ ჰოლი - JEFF BALLARD TRIO
27 ოქტომბერი - 20:00 სთ - ივენთ ჰოლი - AVISHAI COHEN Triveni
28 ოქტომბერი - 20:00 სთ - ივენთ ჰოლი - EDMAR CASTANEDA TRIO
29 ოქტომბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - FOURPLAY - Celebrating 25 Years On Stage
ფესტივალის წარმომდგენი: თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS;
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, ისრაელის საელჩო საქართველოში;
მასპინძელი: სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, ივერია გრუპ, რესტორანი შავი ლომი;
ოფიციალური სასმელი: კოკა-კოლა;
საინფორმაციო მხარდაჭერა: „რუსთავი 2“, „არტარეა“, რადიო „ფორტუნა“, სარეკლამო კომპანია „ალმა“; „Georgia Today“, ჟურნალი „ოკ“, „24 საათი“;
ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებ-გვერდს : TBILISIJAZZ.COM
საკონტაქტო პირი:
მედია გაშუქება: ქეთევან ებანოიძე - 577 42 56 11
თამთა ბატიაშვილი - 595 76 76 76
აკრედიტაციები: დეა ლევიძე - 599 10 35 10
მონაწილეების შესახებ:
დაიანა კროლი - დაიანა ჯინ კროლი (16 ნოემბერი 1964 წ) - კანადელი ჯაზ-პიანისტი და ვოკალისტი; პირველი ალბომი გამოუშვა 1993 წელს. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 11 მილიონზე მეტი ალბომი. 2009 წელს ჟურნალმა „Billboard“-მა ის 2000-2009 წლების საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლებს შორის მეორე ადგილზე დაასახელა. დაიანა კროლი ერთადერთი ჯაზ-მუსიკოსია, რომლის რვა ალბომმა, „Billboard“-ის ჩარტში გამოსვლისთანავე პირველი ადგილი დაიკავა. კროლი არის 5 "გრემის" და რვა "ჯუნოს" პრემიის მფლობელი. მისმა დისკებმა 9-ჯერ ოქროს, 3-ჯერ პლატინისა და 7-ჯერ მულტი-პლატინური სტატუსი მოიპოვეს.
ესპერანსა ემილი სპალდინგი (18 ოქტომბერი, 1984 წ) - ამერიკელი ჯაზ-ბასისტი და მომღერალი, რომელიც თავის კომპოზიციებში მრავალი ჟანრის სინთეზს ახდენს. აღებული აქვს 4 "გრემი", მათ შორის, საუკეთესო ახალი არტისტის ტიტრული "გრემის" 53-ე დაჯილდოებაზე (ესპერანსა სპალდინგი პირველი ჯაზარტისტია, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი გახდა). მღერის ინგლისურ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე. საკუთარი მუსიკალური ალბომით მუსიკოსი ჟურნალ „ბილბორდშიც“ მოხვდა. 2011 წელს, ალბომმა „Chamber Music Society“ (18000 გაყიდვა) მომღერალს ყველაზე გაყიდვადი თანამედროვე ჯაზარტისტის სახელი დაუმკვიდრა. ესპერანსას უახლესი პროექტი „Emily’s D+Evolution“ მისი ბავშვობის ინტერესებს - თეატრსა და პოეზიას ეძღვნება.
ჯეფ ბალარდის ტრიო - ამერიკელმა დრამერმა თეორიული განათლება კოლეჯში მიიღო და უკრავდა როგორც ბიგბენდში, ასევე პატარა მუსიკალურ ჯგუფებში. ჯეფ ბალარდი თანამშრომლობდა ჯაზის ისეთ ლეგენდებთან როგორებიც არიან: რეი ჩარლზი, ჩიკ კორეა, ბრედ მელდაუ, ჯოშუა რედმანი და ა.შ. 2013 წელს შედგა მისი დებიუტი კვარტეტ „fairgrounds“-თან ერთად, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ელექტრონული მუსიკის ჟანრში მოღვაწე ბასისტი რეიდ ანდერსონი, პიანისტი ტიგრან ჰამასიანი და გიტარისტი ლიონელ ლუკი.
ავიშაი კოენი - ებრაელი მესაყვირე მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა. ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას 8 წლის ასაკში დაეუფლა და უკვე 10 წლიდან „Rimon Big Band“-ის წევრი იყო. მოგვიანებით „Israeli Philarmonic Orchestra“-ის შემადგებლობაში გამოჩნდა. 1997 წელს, ბერკლის კოლეჯის დასრულების შემდეგ, აიღო მესამე ადგილი მესაყვირეთა კონკურსში "Thelonious Monk Jazz“. სადებიუტო სოლო ალბომი, სახელოწოდებით „The trumpet player“, 2003 წელს გამოსცა. ასევე ახორციელებდა ერთობლივ პროექტებს სხვა ცნობილ ჯაზშემსრულებლებთან. მისი თქმით, ყველაზე დიდი გავლენა მის მუსიკალურ აზროვნებაზე ლეგენდარულმა მაილს დევისმა მოახდინა.
ედმარ კასტანედა - კოლუმბიელი არფაზე დამკვრელია. მისი შემოქმედება მეტწილად ლათინურ ჯაზს უკავშირდება, თუმცა, ხშირად კოლუმბიურ ხალხურ მუსიკასაც ასრულებს. მისი ტრიოს „Edmar Castañeda Trio“ შემადგენლობაში შედიან: David Silliman (დრამი) და Marshall Gilkes (ტრომბონი). ედმარ კასტანედა ასევე „Andrea Tierra“- ს კვარტეტის წევრია. სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან და ჯგუფებთან როგორებიცაა: პაკიტო დე რივერა, უინტონ მარსალისი, ჯონ სკოფილდი, ჯო ლოკი, ჯონ პატიტუჩი, Chico O'Farrill Afro-Cuban jazz big band და The United Nations Orchestra, Simón Diaz, Samuel Torres.
Fourplay - ამერიკული ჯაზ კვარტეტია, რომელიც 1990 წელს დაარსდა. თავდაპირველად ჯგუფის წევრები იყვნენ: ბობ ჯეიმსი (კლავიში), ლი რიტნაური (გიტარა), ნათან ისტი (ბასი) და ჰარვი მეისონი (დრამი). 1997 წელს ლი რიტნაურმა ჯგუფი დატოვა და მისი ადგილი ლარი კარლტონმა დაიკავა, რომელიც მოგვიანებით ჩაკ ლოუბმა ჩაანაცვლა. 1991 წელს, ჯგუფის სადებიუტო ალბომი „Fourplay“ მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და პირველი ადგილი დაიკავა Billboard-ში. ალბომმა „Between the Sheets“ 1993 წელს "გრემი" დაიმსახურა, ხოლო 1995 წლის პროექტი „Elixir“ ჩარტებში 90 კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა. 2015 წლის სექტემბერში ჯგუფმა გამოსცა ახალი ალბომი „Silver“, რომელიც „Fourplay“-ს სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.