პეტრას ციხის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარეობს ციხის გალავნის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 318 433 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ,,ტაო-ტბელი’’ ასრულებს.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, რეაბილიატაციის პროცესი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსთან მირანდა ჩარკვიანთან ერთად მოინახულა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე განხორციელდება ციხის რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ ეტაპზე შეძენილ იქნება ციხესიმაგრის კეთილმოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზეუმ-ნაკრძალში გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები.
„პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წელს ჯამში 350 000 ლარი დაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული თანხები ციხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად. ჩვენ გვინდა, რომ ეს გახდეს ერთ-ერთი აქტიური ტურისტული ცენტრი სანახაობრივად. დაიტვირთება ისტორიული მონაცემების საინფორმაციო დაფებით. პეტრას ციხეს ტურისტები არასოდეს აკლდა, თუმცა გვინდა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, როცა აქ ტურისტი ამოვა, დახვდეს სანახაობრივად და დასასვენებლად საჭირო ყველა სერვისი,“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.