საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი მიიჩნევს, რომ საქართველომ შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნების დიდი ნაწილი და შეუძლია დარჩენილი მოთხოვნების შესრულებაც, -ამის შესახებ მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით განაცხადა.
,,ეს მისიები არის ექსპერტების დონეზე, ვითარების ადგილზე შესწავლის შემდეგ კი ისინი ანგარიშებს მოამზადებენ. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ექსპერტების შეფასებები იქნება შემდგომში საერთო ანგარიშების შემადგენელი ელემენტი. წინა შეფასება საკმაოდ პოზიტიური იყო, ითქვა რომ საქართველომ შეასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის უმეტესი და დარჩენილი იყო მხოლოდ გარკვეული მოთხოვნები, რომელიც დასრულებას საჭიროებდა. ჩემი აზრით, არ არსებობს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ საქართველოს არ შეუძლია დარჩენილი მოთხოვნების შესრულება”, - აცხადებს იანოშ ჰერმანი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, საქართველოში დღეს იწყებენ მუშაობას.