,,სამართალდამცავები გაერკვევიან, რაშია საქმე, ამას ჩემი დამატებითი მოწოდება არ სჭირდება” - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმ სკანდალურ კადრებს, რომელიც ყოფილმა პოლიციელმა გაასაჯაროვა.
"მსგავსი განცხადებების, თუ მიმართვის გავრცელების შემდეგ ვალდებულები არიან სამართალდამცავები გაერკვნენ, რაშია საქმე. ამას ჩემი დამატებითი მოწოდება არ სჭირდება. თუ საქმე ეხება სისტემასთან დაკავშირებულ პირს, ან ყოფილ პოლიციელს, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ გვინდა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანები ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას პირნათლად და თუ წასვლის შემდეგ გარკვეული მოსაზრებები გამოვლინდება, ამასაც აქტიური პასუხები გაეცეს,"- აცხადებს დავით უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ ,,პოსტსკრიპტუმში” გაუსული სიუჟეტის თანახმად, საქართველოდან გამგზავრებამდე პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა შსს-ს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კომპრომატები საინფორმაციო სააგენტო ”ტაიმერსა” და გაზეთ ”ქრონიკა + ს დაუტოვა” და მათი გასაჯაროება სთხოვა . ერთ-ერთი ვიდეო რგოლის მთავარი გმირი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ძმაა.
,,იგი 15 – 20 მეტრი ღერძულა ხაზის დარღვევისთვის გააჩერეს, სადაც იზორიას ძმა აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო , მთვრალი იყო თუ სხვა რამის ზემოქმედების ქვეშ იყო არ ვიცი დაზუსტებით ვერ ვიტყვი მაგრამ მან მომაწოდა ეგრედ წოდებული ”სპეც საშვი” , რომელსაც ვეძახით ”ნარუშილოვკას” და იმის საფუძველზე ვიყავი იძულებული მე იგი გამეშვა” - აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი .
სხვა ვიდეოებიდან რომელიც მან შსს- დან წამოიღო დგინდება, რომ საიდუმლო დოკუმენტები , ეგრეთ წოდებული ”ნარუშილოვკა” სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებსა და მეგობარ გოგონებს დაურიგეს.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი განმარტავს, რომ
”პოლიციას არ აქვს უფლება მანქანა გააჩეროს, გაჩხრიკოს, შეამოწმოს სიმთვრალე-სიფხიზლეზე ან ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე, უფლება არ აქვს სახელი და გვარი ჰკითხოს. ეს არ არის კერძო საკუთრება და არ იძლევა უფლებას დაარღვიო კანონი, როცა გნებავთ მაშინ . ”ნარუშილოვკა” გაიცემა ოპერაციის განმავლობაში და ის უნდა დაბრუნდეს ოპერაციის დასრულების შემდეგ . ანუ თვენ თუ რამე სპეცოპერაცია ჩაატარეთ და შემდეგ რესტორანში წახვედით, დათვერით და გამოიყენეთ, ეს ჩვეულებრივი კანონდარღვევაა, იმიტომ რომ, თქვენ ვალდებული იყავით როგორც კი ოპერაცია დამთავრდა მაშინვე ჩაგებარებინათ ეს საბუთი ”.