„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი, გუშინ, მედიის საშუალებით გასულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა, რომელიც საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ ე.წ. ნარუშილოვკებით სარგებლობას ასახავს.
„არაფერი განსაკუთრებული და მოულოდნელი აქ არ იყო, რადგან ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ შსს-ში სისტემა მთლიანად მოშლილია. თუმცა კადრები, რომელიც ვიხილეთ, მიუხედავად იმისა რომ ამის თაობაზე ზეპირი ინფორმაცია იყო, ძალიან შემაშფოთებელია.
ჩვენი აზრით, პრობლემის სათავე ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დამკვიდრებული მმართველობის სტილია - თავისი პირადი თანაშემწე დანიშნა პრემიერად, პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მინისტრებად და „ქართუ ბანკის“ თანამშრომლები მაღალ თანამდებობებზე. ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანა უნდა ემსახურებოდეს მას და არა პირიქით. გავრცელებული კადრები კი ადასტურებს იმას, რომ არამარტო ივანიშვილი მოქმედებს ასე, არამედ ქვემო რგოლებშიც ასეთი წესით ხდება სტრუქტურების მართვა.
კადრებში ვხედავთ, რომ იზორიას ძმა, სამინისტროს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, მათი მეგობრები ე.წ. ნარუშილოვკებით სარგებლობენ. შესაბამისად, მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ ისე, რომ პასუხს ვერვინ მოსთხოვს. ვიხილეთ პატრულის ყოფილი უფროსი, რომელიც არაერთხელ ყოფილა სკანდალში გახვეული და რომელიც აიძულებდა საპატრულო პოლიციას მისი ოჯახის წევრები ერთ-ერთი რესტორნიდან ეკიპაჟს გაეცილებინა, რათა ნასვამი მძღოლები ვინმეს არ გაეჩერებინა.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს პოლიციის ღირსებაზე, მათ ეთიკაზე მოქმედებს. სამწუხაროა, რომ ერთ დროს ყველასთვის საამაყო რეფორმირებული ქართული პოლიცია, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ჩინოვნიკებმა კახა თარგამაძის მილიციად გადააქციეს.
ვთვლით, რომ ეს საგანგაშოა, აუცილებელია ყველა მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მისი მდგომარეობით სარგებლობს, დაუსჯელად მოქმედებს და კანონს არღვევს, პასუხი აგოს. უპირველესად კი ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ასეთი მმართველობის სტილი სწორედ მისგან მოდის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ დღესვე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვს სიას თუ ვინ სარგებლობს ნარუშილოვკებით და რა კრიტერიუმებით ხდება მათი გაცემა“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.