,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ არ გამოიყენა მაღალი ტრიბუნა რეალური პრობლემების დასაფიქსირებლად. გაეროს 2015 წლის შემდგომი განვითარების სამიტზე, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას, მან ,,ჯი-ეიჩ-ენთან” განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად საქართველო გაქრა დღის წესრიგიდან.
,,ეს მაღალი ტრიბუნა კიდევ ერთხელ არ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ზუსტად და გასაგებად დაგვეფიქსირებინა ერთი - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, მეორე - ის პრობლემები, რომელიც საქართველოში არსებობს, ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მესამე, რუსეთისთვის ეწოდებინათ ის რაც არის - ეს არის დამპყრობელი და აგრესორი. ამის მაგივრად ისევ იყო რაღაც შემოვლითი ფრაზები, როგორიც იყო ”ქვეყანა, რომელმაც დაიპყრო საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ” - ეს დაახლოებით ისე ჟღერს როგორც ”კოლმეურნეობის თავმჯდომარე, გვარს და სახელს არ დავასახელებ ” , - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
მისი თქმით, რასაც ხელისუფლება დიპლომატიას ეძახის, სინამდვილეში მხოლოდ გაუგები კოლაბორაციონიზმია.
,,ესენი ამას დიპლომატიას ეძახიან , მე ამას დავარქმევდი ყოვლად გაუგებარ კოლაბორაციონიზმს. ეს იყო ის მთავარი პრეტენზიები რაც გვაქვს პრემიერ მინისტრის მიმართ და ეს არ ხდება პირველად, გავიხსენოთ მისი შარშანდელი გამოსვლა გაეროში , გავიხსენოთ მისი გამოსვლები მიუნხენში უშიშროების კონფერენციაზე, აგრეთვე შეხვედრები ბრიუსელში. არსად არ ფიქსირდება ხოლმე , ერთი მხრივ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები , მეორე მხრივ კონფლიქტი რუსეთთან და მესამე მხრივ - ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრინციპები , რომელიც ითვალისწინებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მოთხოვნას ამ ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის.
შედეგად ჩვენ ვიღებთ იმას , რომ მაგალითად ერთი კვირის წინ იყო ,,რესპუბლიკელების” მთავარ კანდიდატებს შორის დებატები რომელიც მრავალი საათი გაგრძელდა და მისი დიდი ნაწილი დაეთმო რუსეთის პრობლემებს სადაც საუბარი იყო უკრაინაზე , რუსეთზე , აღმოსავლეთ ევროპაზე, მაგრამ არცერთს უხსენებია საქართველო. იმიტომ რომ , საქართველო გაქრა დღის წესრიგიდან რომლითაც დასავლეთი ელაპარაკება რუსეთს. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც გამოცხადებული ჰქონდა ,,ქართულ ოცნებას” და რომლის ერთ-ერთი გამოსახულება იყო ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროს ტრიბუნაზე სადაც მან ილაპარაკა მაღალ მატერიებზე , მაღალ ტექნოლოგიებზე , ილაპარაკა რაღაც შორეულ პერსპექტივაზე. ამ ყველაფერმა მე მომაგონა ედუარდ შევარდნაძის ბოლო წლებში ჩვენ მიერ ვითომ კოსმოსში გაშვებული თანამგზავრი. იმის მაგივრად რომ დაკავებული ყოფილიყო მიწიერი პრობლემებით, როგორიც იყო მაშინ: კორუფცია , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ეკონომიკური პრობლემები, ის ეპოტინებოდა რაღაც კოსმიურ . დაახლოებით იგივე შთაბეჭდილება დამიტოვა მე ღარიბაშვილის გამოსვლამ გაეროში” - აღნიშნა თარხნიშვილმა.
,,ჯი-ეი-ენთან” საუბარში მან შეაფასა ასევე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებული უთანხმოება და განაცხადა, რომ ეს უკვე ტრადიციადაა ქცეული ქართულ პოლიტიკაში.
,,დავიწყოთ იქედან რომ საერთოდ ეს აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა - თუ ვინ წავიდოდა გაეროს ტრიბუნაზე გამოსასვლელად, ტრადიციად იქცა და უკვე მეორე წელიწადია ეს ჭიდაობა მიმდინარეობს რაც პირველ რიგში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს საგარეო პრესტიჟს, მეორე - ძირს უთხრის ინსტიტუტების პრესტიჟს საქართველოს შიგნით, მესამე, და ალბათ მთავარი, ისინი ხარჯავენ ამაში უამრავ თანხას . მოგეხსენებათ , ორ დელეგაცის ცალ-ცალკე გაცილებით მეტი თანხა სჭირდებოდა ვიდრე ერთ დელეგაციას. ეს ყველაფერი კი მაშინ, როდესაც საქართველოში ასეთი ეკონომიკური მდგომარეობაა და ასეთ გაჭირვებაშია ხალხი და მეოთხე - სამწუხაროდ, პრემიერ მინისტრი პირველ რიგში, და ამაში ჩათრეულია ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია- იმის მაგივრად, რომ იფიქრონ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, ჩართული არიან ამ გაუგებარ იწილო-ბიწილოში”, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.