თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს პრემიერის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ექნება საშუალება ვრცელი გამოსვლისთვისაც.
მინისტრი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, კრიტიკამდე ინფორმაცია გადაამოწმონ.
"მინდა რომ ყველას მოვუწოდო გადავამოწმოთ ინფორმაცია. ეს არ იყო ის გამოსვლა, რომელსაც აკრიტიკებენ, მას ექნება საშუალება ვრცელი გამოსვლისათვის,"- აღნიშნა ჟურნალისტებთან თინა ხიდაშელმა.
მინისტრი ავღანეთში რამდენიმე დღის წინ დაჭრილ სამხედროს მოინახულებს. ამ მიზნით ის გერმანიაში მიემგზავრება. ამის შემდეგ კი, თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტს გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც როგორც ის ამბობს, სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრებს.
შეგახსენებთ, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პრემიერის გამოსვლა ყველანაირად აცდენილი იყო იმ გზავნილებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნდა მიეწოდებინა ფორუმისთვის. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა გაახსენა, სადაც ექს-პრეზიდენტი ციფრულ განხეთქილებაზე საუბრობდა.