ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე ბოლო დროს ლარის გამყარების ტენდენციას ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს შორის ,,ომის” შეწყვეტით ხსნის. მისი თქმით, ლარის გამყარება არ შეეძლო გამოეწვია სებ-ის მიერ განხორციელებულ ერთჯერად ინტერვენციას სავალუტო ბაზარზე.
,,რამ გაამყარა ლარი უკანასკნელ პერიოდში? ერთჯერადმა ინტერვენციამ, რომლის ნაწილი არც კი გაიყიდა სავალუტო ბაზარზე? რა თქმა უნდა არა.
მმართველმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ შეწყვიტოს ომი ეროვნულ ბანკთან, რადგან მიზანი მიღწეულია: ჩამოაცილა ფინანსური მონიტორინგის სამსახური და ზედამხედველობის სააგენტო. თანაც ლარი ისე გაექცათ, რომ შეიძლება ყველაფერი თავზე დაემხოთ. ამიტომაც გადამალეს მომსახურე ექსპერტები და გამოაცხადეს ეროვნული ბანკი ყველაფერში უდანაშაულოდ. თანაც სავალუტო ფონდსაც უნდათ რომ აამონ. მის გარეშე მომავალი ბიუჯეტი ფიქციაა” - აცხადებს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, ლარი დღესაც გამყარდა. ოფიციალური ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა და 1 აშშ დოლარის ღირებულებად 2.3882 ლარი განისაზღვრა.
გუშინ კი 1 ამერიკულ დოლარი 2.4075 ლარი იყო, რასაც წინ უძღვოდა ლარის ერთ დღეში 4 თეთრით გამყარება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6827 ლარად იქნება შესაძლებელი.
ახალი მონაცემები კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ხვალიდან აისახება.