საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 25 სექტემბერს, თბილისის მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება. 18:00 საათზე სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „გილგამეში“, ხოლო 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებელი სპექტაკლს „ქალაქი“ იხილავს.
კომპოზიტორ ტომას კრჟიჟანოვსკის მიუზიკლი „გილგამეში“, რომელიც პოლონური თეატრის „ქორეას“ მიერ იქნება წარმოდგენილი, უძველესი ეპოსის ორიგინალური, მუსიკალური ვერსიაა. ეს არის ეპიკური პოემის - „გილგამეშის“ მიხედვით შექმნილი პირველი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შთაგონებულია მივიწყებული აქადური ენის ხმოვანებით და ძველი შუმერების იდუმალებით მოცული კულტურით. წარმოდგენის მსვლელობისას მაყურებელი ისმენს ლეგენდარული მეფის - გილგამეშის ამბავს, რომელიც ცდილობს ამოიცნოს უკვდავების საიდუმლო. ნაწარმოებში თანამედროვე მუსიკის ელემენტები ერწყმის ახლო და შორეული აღმოსავლეთის მუსიკალურ ტრადიციებს. პოლიფონიური კომპოზიციები ახალ სიცოცხლეს ანიჭებენ მითიურ სახეებს, რომელთაც მაყურებელი შორეულ და მივიწყებულ სამყაროში გადაყავთ - სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ სავსეა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხებით.
რეჟისორ ამიტ ულმანის სპექტაკლი „ქალაქი“ პირველი ებრაული მიუზიკლია, რომელშიც ებრაული რეპ მუსიკაა გამოყენებული. სპექტაკლი დეტექტივ ჯოს ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც სარა ბენეტი დაიქირავებს თავისი დაკარგული დის მოსაძებნად. მიუხედავად კრიტიკოსთა რადიკალურად განსხვავებული შეფასებებისა, ეს არის უწყვეტი მუსიკალური რბოლა სცენაზე, რომელიც მუსიკალურად ვიქტორ ჯონსონის ანსამბლმა შექმნა.