საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის "ცოცხალი წიგნები" ფარგლებში, 22-25-სექტემბერს თანამედროვე ქართველი მწერლების ხუთკაციანი მობილური ჯგუფი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვევა.
სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან ვაჟა ხორნაული, გიორგი ზანგური, ნიკა ჯორჯანელი, თენგო ავსაჯანიშვილი და დავით ჭელიძე. მცხეთა-მთიანეთში ჯგუფს თან ახლავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და პროექტის კოორდინატორი მარიამ წიკლაური, მეგობარი მწერლის სტატუსით კი - ბელა ჩეკურიშვილი.
"ცოცხალი წიგნები" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
მწერლები სტუმრობენ რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბაშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები იმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც. რეგიონებში ვიზიტისას, მწერლები ასევე ზრუნავენ ნიჭიერი ადგილობრივი შემოქმედების გამოვლენაზე", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, პროექტში აქტიურად არის ჩართული საგამომცემლო სექტორიც. ეწყობა წიგნის ლოკალური ბაზრობები - მწერლები თავად გვევლინებიან გამავრცელებლების როლში. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, ისინი პოპულარიზაციას უწევენ კოლეგების შემოქმედებასაც. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი "მწერლის დღიურები".
პროექტი 4 ეტაპად ხორციელდება; წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობას მიიღებს სულ 75 მწერალი.
განრიგის მიხედვით, "ცოცხალი წიგნებს" 22 სექტემბერს 15:00 საათზე ყაზბეგი გამგეობის შენობაში უმასპინძლებს;
23 სექტემბერი - ყაზბეგი თავისუფალი განრიგი-შეხვედრები მოსახლეობასთან;
24 სექტემბერი დუშეთი 16:00 საათი; კულტურის სახლი;
25 სექტემბერი მცხეთა 14:00 სთ;- საბიბლიოთეკო გაერთიანება;
25 სექტემბერი წეროვანი 17:00 სთ;- კულტურის სახლი.