დღეს, 21 სექტემბერს, 14:00 საათზე, კულტურის სამინისტროში „საქართველოს სულიერი საგანძურის ანთოლოგიის“ - პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და პროექტის ავტორები გაუძღვებიან.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს სულიერი საგანძურის ანთოლოგიის“ პირველი ნაწილი - „ეს საქართველოა“ შედგება ინგლისურ და ქართულენოვანი წიგნისა და დისკისგან. დასურათებულ წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ქვეყნის ეთნოგრაფიული კუთხეების შესახებ. ხოლო დისკზე პროგრამული უზრულნველყოფის მეშვეობით ქართული ტრადიციული ფოლკლორული სიმღერების შესწავლაა შესაძლებელი.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, ასევე ქალაქ თბილისის საკრებულოს მხარდაჭერითა და ორგანიზაცია „არტ-ჯორჯიას“ ინიციატივით განხორციელდა.