ევროპის სახალხო პარტია მკაცრად გმობს ამგვარ პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესებს და შოკირებულია სასამართლოს მუშაობაში მთავრობის მუდმივი ჩარევის გამო. ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა, თბილისის ყოფილი მერის და საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრების ფაქტის შეფასებისას განაცხადა
“ივანიშვილის ჯგუფმა უნდა გაიგოს, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ არის მოედანი წესების გარეშე სათამაშოდ. მოსამართლეთა შანტაჟი, კანონების არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია ოპოზიციონერთა დასაპატიმრებლად და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არ ახასიათებს იმ საქართველოს, რომელთანაც ევროპას პარტნიორობა სურს,” - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.
დოლიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სერიოზული ლაქა დაედო.
“საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სერიოზული ლაქა დაედო. ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რთულ ფაზაში შედის, რასაც მოჰყვება შემდგომი შედეგები, სანამ უგულავა და სხვა პოლიტიკური პატიმრები სამართლიან სასამართლოს არ მიიღებენ,” - აღნიშნა ჯოზეფ დოლიმ.