20 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით დედაქალაქში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ”შემოდგომის თბილისი” გაიმართება, რომელსაც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს.
23-ე ფესტივალი თვეზე მეტს გასტანს და მისი პროგრამა 9 საკონცერტო საღამოს მოიცავს. მათ შორის არის გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის 90 წლის იუბილე, რომელიც დაასრულებს საფესტივალო პროგრამას და მასზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური სიმებიანი კვარტეტები და მუსიკა კინოფილმებიდან.