რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მიერ საქართველოს 16 მოქალაქის დაკავებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი ნესტერენკოს თქმით ე. წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ეს განცხადება ნესტერეკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი იქ უკანონოდ ტყეს ჩეხდნენ.
"დაკავებულები აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური მოწყობილობით ტყის მასობრივად ჩეხისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტის მიუხედავად შეშის დამზადებასთან ამ ადამიანებს არავითარი კავშირი არ ჰქონდათ", _ განაცხადა ნესტერენკომ და დასძინა, რომ "ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დამაჯერებლად იქნა დადასტურებული ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ტყეს სწორედ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩეხდნენ".
მისი თქმით, დაკავებულენი ახალგორის რაიონის პროკურატურას არიან გადაცემულნი და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.