სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ,,კურიერთან” საუბარში აცხადებს, რომ ყურძენზე ფასი რთველის მიმდინარეობის პროცესში გაიზრდება.
მისივე თქმით, ყურძენზე არსებული ფასების შესახებ, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ამ დროისთვის ხარისხიანი თეთრი ყურძნის ღირებულება 70 თეთრია, ხოლო საფერავის 85 თეთრი.
,,გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ფასების შესახებ, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ფასები არის მინიმუმ 70 თეთრი ხარისხიან თეთრ ყურძენზე და მასზე ფასი მეტი იქნება რთველის მიმდინარეობისას, საფერავის შემთხვევაში 85 თეთრზე ნაკლები არ არის, ლარი და მეტი ფასიც დაფიქსირდა. ორი წელი ვუყურებდით რთველის მიმდინარეობას და ყოველთვის მქონდა ამაზე საუბარი, რთველის დასაწყისში ფასი უფრო ნაკლებია, რთველის მიმდინარეობისას ფასი იზრდება, მოთხოვნის შესაბამისად. ამიტომ, წლევანდელი რთველი ვნებათაღელვის მიუხედავად, ძალიან წარმატებით ჩაივლის, რადგან ორგანიზებულობის კუთხით ხარვეზი არ არსებობს”, _აცხადებს ლევან დავითაშვილი.
მან კახეთში მიმდინარე აქციებს "მართული და პროვოკაციული" უწოდა.
მისი თქმით, პროვოკატორები, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და ცდილობენ აიყოლიონ მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან, მათ დიდ ნაწილს ვენახები საერთოდ არ აქვთ.
,,ადამიანები ვინც მათ ხელმძღვანელობდნენ ისინი წლების განმავლობაში ქარხნებს უკრძალავდნენ ღვინის მიღებას მე ამის მოწმე ვარ. მე 15 წლის განმავლობაში ვარ ამ სფეროში და თითოეულ ფაქტზე მაქვს ინფორმაცია. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ვართ ყოველ დღე კახეთში დღესაც ჩავალთ. მოსახლეობასთან კონსულტაცია სულ გვაქვს,"- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
ლევან დავითაშვილის განცხადებით სამინისტრო და მინისტრი მზად არის შეხვდეს მოსახლეობას მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში.
გურჯაანელი გლეხები ხელისუფლების გადაწყვეტილებას 14 სექტემბრის 12:00 საათამდე დაელოდებიან, ისინი ყურძნის საფასური 1 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მევენახეები კიდევ უფრო მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.