საქართველოდან ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“ იქნება წარდგენილი. ეს გადაწყვეტილება კინოპროფესიონალებით დაკომპლექტებულმა სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო.
კვალიფიციური ფილმების შესარჩევად ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დადგენილი პირობების მიხედვით, შესარჩევ პროცესში მონაწილეობა მიიღო ორმა ფილმმა: მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი“ (დიქტატორი კარგავს ძალაუფლებას, როდესაც მისი ქვეყანა რევოლუციონერების ხელში აღმოჩნდება), ლევან თუთბერიძის „მოირა“ (ბედისწერის ქალღმერთის, მოირას სახელი ჰქვია პატარა თევზსაჭერს, რომლითაც საარსებო ფულის შოვნას აპირებენ მეთევზე ძმები, მაგრამ ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია).
კომისიის წევრებს სწორედ ამ ორ ფილმს შორის მოუწიათ არჩევანის გაკეთება.
ფილმების ჩვენებები კინოთეატრ „ამირანში“ 12 სექტემბერს შედგა.