გუდაურში, 12 სექტემბერს კერამიკის საერთაშორისო ფესტივალი - „ცეცხლის ღამე“ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა ტრადიციული ქართული რეწვის გამოფენა, სადაც 20-მდე ავტორის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
კერამიკის საერთაშორისო ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას, ტურიზმისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას რეგიონში.
ფესტივალის ფარგლებში აშენდება სამი სახეობის გარე გამოწვის კერამიკული ღუმელი და გაიმართება თიხაში მუშაობისა და გამოწვების საინტერესო ტექნიკების დემონსტრირება; ასევე, თანამედროვე კერამიკის გამოფენა, მასტერკლასები და ადგილობრივი მხატვრების მიერ დამზადებული კერამიკული სუვენირებისა და ჭურჭლის გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ჩარხზე თიხის ქოთნების ამოყვანაში, ფიალების მოხატვაში და საკუთარი ნამუშევრების ღუმელში გამოწვაში. ჩატარდება სახალისო შეჯიბრება აქტიურ სტუმრებსა და გულშემატკივრებს შორის.
ბავშვებისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური მაგიდა, სადაც კონსულტანტის დახმარებით, ისინი შეძლებენ გამოძერწონ საკუთარი ნამუშევრები.
ფესტივალზე თავისი პროდუქციით წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანია, რომლის თანამშრომლები სახალისო შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას და გუნდურად შეეცდებიან კერამიკის ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას.
ჩატარდება ქართული ღვინის დეგუსტაცია, ფოლკლორული კონცერტი. ფესტივალს დაასრულებს გრანდიოზული ფოიერვერკი.
ფესტივანის მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა