შშმ ბავშვები 12 სექტემბერს, 14:00 საათზე სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ,,ქარვასლას” ფოიეში კონცერტს ჩაატარებენ. პარაორკესტრი შეასრულებს 7 მუსიკალურ ნომერს! წარმოდგენილი იქნება ასევე შშმ პირთა მიერ დამზადებული სუვენირები.
როგორც ღონისძიების ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მშობელთა ხიდი” აცხადებს, კონცერტის მიზანი იქნება საზოგადოების ფართო მასების დაინტერესება და შშმ პირთა შემოქმედების რეალიზება, პოპულარიზაცია.
,,საქართველოსთვის დღეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა შშმ ბავშვის იმიჯი, საზოგადოების არაადეკვატური განწყობა ამ კატეგორიის ადამიანების მიმართ. ყველაზე რეალური გზა ამ კატეგორიის მქონე ბავშვების უნარების აღიარებისა და მათი დადებითი მხარის პოპულარიზაციის არის ხელოვნება, კერძოდ მუსიკა. დახვეწილი რეპერტუარი, სწორად შერჩეული მუსიკალური ნომერი, უნივერსალური ენით მიწოდებული სათქმელის გამოხატვა უფრო უადვილებს ერთი მხრივ შშმ ბავშვს გრძნობის, ემოციის გადმოცემა–გამჟღავნებას და მეორე მხრივ, საზოგადოების მიმღებლობას უწყობს ხელს.
საქართველოში დამკვიდრდა ცუდი ტენდენცია: შშმ ბავშვების თემატიკაზე , მათ საკითხებზე ჩატარებული ღონისძიებები, პრეზენტაციები ტარდება თვითონ ამ ადამიანების უგულვებელყოფით ანუ მათი ჩართვის გარეშე. არადა, მსოფლიოში მიღებული მიდგომაა: დიდი კონფერენციების, არამარტო შშმ პირთა თემატიკაზე, ზოგადად, ფესტივალების, ქალაქის დღესასწულების, კონფერენციების და სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებების გახნა შშმ ბავშვების, მოზარდების მუსიკალური ბენდებითა და ორკესტრებით. შშმ ბავშვების უნარები უსაზღვროა, განსაკუთრებით მუსიკალურ სფეროში. საქართველოში ბევრი შშმ ბავშვი მღერის, უკრავს, მაგრამ მათი პოტენციალი არაცნობადი და არააღიარებულია. მსგავსი ორკესტრები დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობენ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში...
არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ თაოსნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ყველა კატეგორია შშმ ბავშვების: ყრუ და სმენა დაქვეითებული, უსინათლო, ფიზიკური შეზღუდვის მქონე, აუტისტური სპექტრის, მენტალური შეფერხების და სხვა..) მუსიკის სფეროთი დაინტერესებული ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით საქართველოში 2014 წელს შეიქმნა ორკესტრი/პარაორკესტრი” - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათი ინფორმაციით, ორგანიზაციამ შეიძინა ფონდ ,,სიცოცხლის ხის” დაფინანსებით, კარგი ხარისხის ინსტრუმენტები. ხოლო 2015 წლიდან პროექტ „პარაორკესტრის“ ჰონორარების ნაწილს აფინანსებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტრანსპორტირებისა და გახმოვანების ხარჯებს ფარავს ქალაქ თბილისის მერია .