დღეს, 10 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ვახო ბუღაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.
2013 წელს ოლეგ ტიმჩენკოსა და უშანგი ხუმარაშვილთან ერთად გამართული გამოფენის ,,Victoria” შემდეგ ავტორის ნამუშევრები კვლავ გამოიფინება ეროვნულ გალერეაში, ამჯერად მის პერსონალურ გამოფენაზე. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 70-მდე ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც 2013-2015 წლებშია შექმნილი.
სპეციალურად შერჩეული ტილოს ფაქტურის, აკვარელის, პიგმენტის და ზეთის ოსტატურად მონაცვლეობით ავტორი დროში ტრანსფორმირებული მოგონებების ვიზუალიზაციას ახერხებს. სერია ,,გარეუბანი”, სწორედ ავტორის ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული. ,,გარეუბანი” ,,აბსტრაქციის ზღვარზე” მყოფი ფერწერაა. თითქმის ყოველ ტილოზე, სადღაც ბინდში ჩაძირული ერთი და იგივე სახლის (კორპუსის) კონტური ფიგურირებს, რაც ბავშვობისდროინდელი ,,გრანდიოზული” მოვლენის ამსახველი ხატია – პატარა ბიჭისთვის ძველი თბილისის მინიატურული სამყარო უცებ სრულიად განსხვავებული, ურბანული გარემოთი შეიცვალა და მოგვიანებით უამრავი მოგონებითა და ფანტაზიით დაიფარა.
გამოფენა 2015 წლის 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება.