დღეს, 7 სექტემბერს, 17:00 საათზე , საერთაშორისო ფონდი „ლეა“ და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი აღინიშნავს ებრაული კულტურის საერთაშორისო დღეს - "ხიდები".
1999 წელს, პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დადგინდა ებრაული კულტურის დღე - 6 სექტემბერი, სადაც, ასევე, საფუძველი ჩაეყარა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის "ღია კარის მოდელს “. 2015 წელს, 6 და 7 სექტემბერს "ებრაული კულტურის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ევროპის 32 ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფონდ „ლეა“-ს ინიციატივით საქართველო მეორედ მონაწილეობს ამ ღონისძიებაში.
ებრაული კულტურული მემკვიდრეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიდია ერთა შორის ურთიერთობების განვითარებისა, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია: ოფიციალური ცერემონია - "ღია კარი" მუზეუმში; საქართველოს ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის ვირტუალური გამოფენა; თანამედროვე ებრაელი მხატვარი ქალი როგორ ასახავს მის ეთნიკურ იდენტობას - მარინე სოლომონიშვილის გრაფიკული ნახატების გამოფენა.
ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების, ებრაული სათემოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
საღამო გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი, ანტონ კათალიკოსის ქ. N 3 - დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი.