საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და ქალაქი ერთი იდეის გარშემო ფილარმონიაში გაერთიანდება. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში „ეტალონი“ დღეს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებას უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტის 3000-მდე თანამემამულე დაესწრება. მათ შორის იქნებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა სკოლაში იღებენ განათლებას.
„ეტალონის“, როგორც სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის, არსებობის და მისი იდეის მთავარი მიზანი განათლებული მომავალი თაობის წარმოჩენა და მხარდაჭერაა. ღონისძიების ასეთი მასშტაბურობა საზოგადოების გამოძახილია. ქვეყნის მასშტაბით „ეტალონმა“ არაერთი შეხვედრა გამართა, რომელიც დიდი ეროვნული მუხტით გამოირჩეოდა. ეროვნული პროექტი „ეტალონი“ ერთ ჭერქვეშ, ერთი იდეის გარშემო გაერთიენებულ გამორჩეულ მოსწავლეებს, წარმატებულ სტუდენტებს, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, სასულიერო პირებს, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს დამსახურებულ მოღვაწეებს და „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრებს ელოდება.
ღონისძიება საზეიმო ვითარებაში 15:00 საათზე გაიხსნება და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგებიან მუნიციპალიტეტებიდან ჩამობრძანებული ახალგაზრდა პოეტები და მწერლები, რეგიონული ანსამბლების მიერ წარმოდგენილი იქნება საკონცერტო ნომრები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. აქვე ცნობილი გახდება „ეტალონის“ სამომავლო გეგმების შესახებ.