დღეს, 4 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანელ პროფესორს საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებს. როგორც თსუ-ში აცხადებენ, ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ფარგლებში ადრონული ფიზიკის საკითხებთან დაკავშირებული ვორქშოფი იმართება. ადრონული ფიზიკის საკითხებისადმი მიძღვნილი მეოთხე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი თბილისში 7 მაისამდე გაგრძელდება.
ვორქშოფს გერმანიის იულიხის კვლევათა ცენტრის, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები დაესწრებიან. შეხვედრაზე გერმანელ პროფესორ ჰანს შტროერს თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" 3 მაისს გაიხსნა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით იმართება. სემინარში გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს. მონაწილე მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. მემორანდუმი მომავალში ერთობლივი პროექტების შემუშავებას შეუწყობს ხელს. იგეგმება ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების მივლინება გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრში და ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომები განხორციელდება.