დღეს, 4 მაისს, 16:00 საათზე, საჯარო სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით დაგეგმილია საჯარო სამსახურის ბიუროსა და ნორვეგიელი ექსპერტების სამუშაო შეხვედრა.
თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, აქტიურად ხორციელდება რეფორმა, რაც თავის მხრივ ნატოში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. რეფორმა მიზნად ისახავს სამოქალაქო პერსონალის მოზიდვის, შეფასების, შერჩევის, პროფესიული განვითარების, დაწინაურების დათხოვნის და მთლიანობაში კარიერის მართვის პოლიტიკის განსაზღვრის და მისი განხორციელების ეფექტური მექანიზმების განვითარებას და დანერგვას.
აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში იკვეთება სხვადასხვა ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ხასიათის საკითხი, რომელთა დარეგულირებაც საჭიროებს ქვეყნის საჯარო სექტორის რეფორმის კონტექსტში განხილვას, სამთავრობო დონეზე კოორდინაციასა და შეთანხმებას.
ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში მიმდინარე პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში რეფორმის ხელშეწყობის მიზნით ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილია არსებული საკანონმდებლო ბაზისა და საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების ანალიზი სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით.