2015 წელს, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის და კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, „ღამის სერენადებს“ თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სახელი მიენიჭა. საფესტივალო საღამოები ბათუმში 25, 26, 28 და 30 აგვისტოს ჩატარდა, ხოლო 2 და 3 სექტემბერს კონცერტები თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ფესტივალი 4 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ, ივერიაში“ დასკვნითი საქველმოქმედო საღამოთი დასრულდება. კონცერტიდან შემოსული თანხა, ლიანა ისაკაძისა და ანსამბლ „ვირტუოზების“ სურვილით, „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაერიცხება.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, ქ. თბილისის საკრებულო, თბილისის მერია და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
ფესტივალის ისტორია გასული საუკუნის 80-იან წლებში იწყება და საქართველოს უმშვენიერეს მხარეს, აფხაზეთსა და მის კურორტ ბიჭვინთას უკავშირდება. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, კვლავ საქართველოს ზღვისპირეთში - ქალაქ ბათუმში, ლიანა ისაკაძის ინიციატივითა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით აღდგა.
2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი „მსოფლიო კამერული ანსამბლი ვირტუოზები“, რომელშიც გაერთიანებული არიან ცნობილი სოლისტი-შემსრულებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, რასაც ადასტურებს მათი არაერთი წარმატებული კონცერტი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, 2014 წელს ინგლისში, ხოლო 2015 წელს აშშ-ში ჩატარებული კონცერტები. ნიუ იორკში გამართული საქველმოქმედო კონცერტი 6 ივნისს, „კარნეგი ჰოლში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით ჩატარდა და დიდი წარმატებაც მოიპოვა. კონცერტიდან მიღებული შემოსავალი ნიუ იორკის წმ. ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიას გადაეცა.
პ რ ო გ რ ა მ ა
2 სექტემბერი - თბილისი - კონსერვატორიის დიდი დარბაზი;
საერთაშორისო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები”
სოლისტი: ლიანა ისაკაძე – ვიოლინო (საქართველო/საფრანგეთი)
დირიჟორი: ცეზარ ალვარესი (ესპანეთი)
მოცარტი - 7 დიდი ოპერის უვერტიურა -„იდომენეა“, „გატაცება სერალიდან“, „ფიგაროს ქორწინება“, „ასე იქცევა ყველა ქალი“, „ტიტუსის გულმოწყალება“, „ჯადოსნური ფლეიტა“, „დონ ჯოვანი“;
მენდელსონი - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, მი მინორი;
3 სექტემბერი - თბილისი - კონსერვატორიის დიდი დარბაზი;
საერთაშორისო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები”
სოლისტი: ლიანა ისაკაძე – ვიოლინო
დირიჟორი: მაქსიმე ტორტელიე (საფრანგეთი/ინგლისი)
ელგარი-დივერტისმენტი სიმებიანი ორკესტრისთვის
პროკოფიევი - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის #1
მოცარტი - სიმფონია #40, სოლ მინორი, KV 550
4 სექტემბერი - თბილისი - საქველმოქმედო კონცერტი. რედისონ ბლუ ივერია - კონცერტზე შემოსული თანხა გადაირიცხება „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“;
საერთაშორისო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები”
სოლისტები: ლიანა ისაკაძე
დენის შაპოვალოვი – ჩელო (რუსეთი)
დირიჟორი: მუჰაი ტანგი (ჩინეთი)
შუბერტი - სიმფონია #9
ბრამსი – კონცერტი ვიოლინოს, ჩელოსა და ორკესტრისთვის