ცენტრალური საარჩევნო კომისია კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტების პრეტენზიებს შუალედური აჩევნების დანიშვნის შესახებ არ იზიარებს. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეხებია საარჩევნო კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც არეგულირებენ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს.
,,ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აქვს ვალდებულება შესაბამის ვადებში დანიშნოს შუალედური არჩევნები და უზრუნველყოს, ამ არჩევნების ორგანიზებულად ჩატარება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საერთოდ არ შეხებია საარჩევნო კოდექსის იმ მუხელბს, რომელიც არეგულირებენ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ეს ორი მანდატი _ საგარეჯო და მარტვილი, არის მოქმედი პარლამენტის ნაწილი და გამოცხადებული შუალედური არჩევნები არის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საერთო არჩევნების შემადგენელი ნაწილი და მზადდება 2012 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის დადგენილ საზღვრებში”, _განმარტა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ცესკო ყოველთვის კანონის შესაბამისად მოქმედებს და შუალედური არჩევნების შემთხვევაშიც სრულად დაცული იქნება საქართველოს საარჩევნო კოდექსი და კონსტიტუცია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ცესკო-ს პრესსპიკერი განმარტავს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე ცესკოს მიერ 31 ოქტომბრისთვის დანიშნულ შუალედურ არჩევნებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. როგორც მან ,,ჯი-ეიჩ-ენთან” განაცხადა, სამი თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაჟორიტარული ოლქები გაუქმებულია.
,,სამი თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა არსებული მაჟორიტარული ოლქები და იგი არასამართლიანად სცნო, როგორც თბილისთან მიმართებაში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ოლქები ქვეყანაში აღარ არსებობს. ის ოლქები, რომელიც აქამდე არსებობდა არაკონსტიტუციური იყო, ახალა საჭიროა ახალი ოლქების შექმნა, რომელიც 2016 წლის არჩევნებისთვის იქნება მზად. ამიტომ ცესკო-ს შუალედური არჩევნები საერთოდ არ უნდა ჩაეტარებინა, რადგან ოლქები არ აქვს”, _განაცხადა მენაბდემ.
მისი თქმით, ცესკო-მ შუალედური არჩევნების დანიშვნით, არასწორი გადაწვეტილება მიიღო.