პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის შეფასებით, საგარეო საქმეთა მიმართულებით ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერებას, საგანგებო მნიშვნელობა აქვს. მან ”ჯი-ეიჩ-ენ”-თან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ცვლილებისა, გიორგი კვირიკაშვილს ვიცე- პრემიერის თანამდებობდა უნდა შეუნარჩუნდეს.
” მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული . საგარეო საქმეთა მიმართულებით აუცილებელია გაძლიერდეს ეკონომიკური ურთიერთობების კომპონენტი - საგანგებო მნიშვნელობა აქვს ამას. მე ვისურვებდი, ყოველშემთევაში ვფიქრობ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა შეუნარჩუნდეს ვიცე-პრემიერის თანამდებობაც”, _ აცხადებს გიორგი ვოლსკი.
რაც შეეხება აგარეო საქმეთა ახალი მინისტრის განცხადებას, გარდა პროდასავლური მიმართულებისა ევრაზიის კონტინენტზე მიმდინარე მოვლენებთან ტრანსფორმაციის თაობაზე, ვოლსკი აცხადებს, რომ აქ ნაგულისხმევი იყო აზიის მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების საკითხი.
”აზიის მიმართულება, კერძოდ ჩინეთი, ყაზახეთი ცენტრალური აზიის ქვეყნები, იაპონია და ინდოეთია- ეს არის ის პრიორიტეტები, რომლებიც სულ მალე გამოჩნდება ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების რუკაზე. უკვე ოქტომბერში ჩინეთიდან საკმადო დიდი წარმომადგენლობით, ბიზნეს დელეგაცია ჩამოდის საქართველოში, აქ აბრეშუმის გზის ამოქმედებაზეა საუბარი და რასაკვირველია კვირიკაშვილმა ზუსტად ეს აქცენტი გააკეთა. მან აბსოლუტურად გასაგები ფორმულირებები ჩამოაყალიბა, აბსოლუტურად გასაგები მიზნებით, რომელიც როგორც გითხარით სულ მალე დადასტურდება ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებით და არანაირ პოზიციის დაფიქსირებას, პოლიტიკური პრიორიტეტების თვალსაზრისით აქ ადგილი არ ჰქონდა, _ აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილი დანიშნა. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კი გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავა. უცნობია უკვე ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ბედი. ღარიბაშვილის თქმით, ამაზე განცხადებას გიორგი კვირიკაშვილი გააკეთებს.