დღეს, 21:00 საათზე ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში, ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, რიგით მეოთხე კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ - სოლისტები: ლიანა ისაკაძე - ვიოლინო; დირიჟორი ჟან-პასკალ ტორტელიე (საფრანგეთი/ინგლისი). კონცერტზე შესრულდება ბახის, მოცარტის, ელგარისა და პროკოფიევის ნაწარმოებები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 25 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე უკვე მეშვიდედ იმართება საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელშიც მონაწილეობას ლიანა ისაკაძესთან და მის მიერ შექმნილ „მსოფლიო კამერულ ანსამბლ ვირტუოზებთან" ერთად მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები ღებულობენ.
2015 წელს, თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ფესტივალს თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სახელი მიენიჭა. საფესტივალო საღამოები ბათუმში 25, 26, 28 და 30 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო 2 და 3 სექტემბერს კონცერტები თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ფესტივალი 4 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ, ივერიაში“ დასკვნითი საქველმოქმედო საღამოთი დასრულდება. კონცერტიდან შემოსული თანხა, ლიანა ისაკაძისა და ანსამბლ „ვირტუოზების“ სურვილით, „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაერიცხება.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, ქ. თბილისის საკრებულო, თბილისის მერია და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
ფესტივალის ისტორია გასული საუკუნის 80-იან წლებში იწყება და საქართველოს უმშვენიერეს მხარეს, აფხაზეთსა და მის კურორტ ბიჭვინთას უკავშირდება. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, კვლავ საქართველოს ზღვისპირეთში - ქალაქ ბათუმში, ლიანა ისაკაძის ინიციატივითა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით აღდგა.
2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი „მსოფლიო კამერული ანსამბლი ვირტუოზები“, რომელშიც გაერთიანებული არიან ცნობილი სოლისტი-შემსრულებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, რასაც ადასტურებს მათი არაერთი წარმატებული კონცერტი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, 2014 წელს ინგლისში, ხოლო 2015 წელს აშშ-ში ჩატარებული კონცერტები. ნიუ იორკში გამართული საქველმოქმედო კონცერტი 6 ივნისს, „კარნეგი ჰოლში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით ჩატარდა და დიდი წარმატებაც მოიპოვა. კონცერტიდან მიღებული შემოსავალი ნიუ იორკის წმ. ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიას გადაეცა.