ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთის დასახმარებლად 110 მლრდ ევროს გამოყოფა გადაწყვიტეს.
~ბიბისის~ ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საბერძნეთისთვის შემდეგი სამი წლის განმავლობაში გამოიყოფა.
ბრიუსელში ევროკავშირის მინისტრების შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ აღნიშნული ზონები არამხოლოდ საბერძნეთის დეფოლტისგან დასაცავად, არამედ ევროს ზონის სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაც მიიღება.
ევროკავშირი ათენისკენ 80 მლრდ ევროს მიმართავს, ხოლო დანარჩენს - საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
დახმარების პირველი ნაწილი საბერძნეთმა 19 მაისს უნდა მიიღოს, როდესაც ათენს 8.5 მლრდ ევროს ვალდებულების გასტუმრება უწევს.
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის იორგოს პაპაკონსტანტინის განცხადებით, საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების შედეგად უახლოეს სამ წელიწადში ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი 30 მლრდ ევროთი შემცირდება.
ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მიხედვით, ათენმა ბიუჯეტის დეფიციტი წელს მთლიან შიდა პროდუქტის 8.1 პროცენტამდე უნდა შეამციროს, 2011 წელს 7.6 პროცენტამდე, ხოლო 2012 წელს - 6.5 პროცენტამდე. 2014 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი საბერძნეთში მშპს-ს 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.