3 ნოემბერს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ახალი პარტიის _ "სოციალ დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისთვის" _ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჟორჟოლიანმა განუცხადა, პარტიას აფუძნებენ ქართველი მეცნიერები და საზოგადოების ფართო წრეების ის წარმომადგენლები, რომლებიც ქართული კულტურის საფუძვლებს ეყრდნობიან, იზიარებენ თანამედროვე, ევროპულ სოციალურ იდეებს და მიიჩნევენ, რომ ამ პრინციპებზე შექმნილი მოძრაობა სრულიად ახალ, თანამედროვე განვითარების გზას დაუსახავს ქართულ საზოგადოებას.
"ბოლო ათწლეულებში გაბატონებული პოლიტიკური და ეკონომნიკური წესრიგის სისისუსტეებმა იმდენად იჩინა თავი, რომ განვითარებული დემოკრატიული ქვეყნები, ევროკავშირიც და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც მზად არიან, გადახედონ ახლო წარსულში ერთი შეხედვით ხელშეუხებელ მიდგომებს. ჩვენ არ ვართ "წინამძღოლები", ჩვენ ვართ ჩვენი ხალხის ნაწილი და გვწამს, რომ ერთად შევძლებთ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და დავდგეთ განვითარების გზაზე. მოძრაობის მთავარი ორიენტირებია განვითარება, თავისუფლება
თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა. ჩვენი მიზანია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და საზოგადოების ჩამოყალიბება, შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკის უპირობო პრიორიტეტია განათლება", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, მოძრაობას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ხედვა ყველა მიმართულებით. ჟორჟოლიანის განცხადებით, მოძრაობა არ იქმნება მხოლოდ რომელიმე მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობისთვის, მათი გეგმები უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.
"პოლიტიკური ორგანიზაცია "სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისთვის" არ იქმნება მხოლოდ რომელიმე მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობისთვის, ჩვენი ძალისხმევა უფრო შორს გამიზნულია. გვსურს შევქმნათ ბაზისი ევროპული ტიპის პარტიისთვის, რომელიც არა მარტო იბრძოლებს ხელისუფლებაში მოსვლისთვის, არამედ ახალ, უფრო თანამედროვე თამაშის წესებს დაამკვიდრებს ქართულ პოლიტიკაში. "ურა-პატრიოტიზმზე" და განაწყენებულთა შურისძიებაზე დამყარებული პოლიტიკის დრო წავიდა, ახალი ეპოქა ითხოვს ახალ მიდგომებს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჟორჟოლიანმა.