საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოვლენაა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა.
„საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა და ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოვლენაა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. საქართველო მკაფიოდ გამოკვეთილ პოლიტიკურ ნაბიჯს დგამს ალიანსის მიმართულებით. ამასთან, გაიზრდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ძალების მომზადების დონე და თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან’’, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ ზურაბ ხარატიშვილმა.
მისი თქმით, ნებისმიერი მეზობლის მიერ ნატოსკენ გადადგმული უმცირესი ნაბიჯიც კი რუსეთის მიერ აღიქმება როგორც მტრული მოქმედება, რომელსაც დაუყონებლივი და მკვეთრი პასუხი უნდა გაეცეს.
ხარატიშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები შეიძლება განხილულ იყოს როგორც რუსეთის პასუხი ნატოს ცენტრის გახსნაზე საქართველოში.
„რაიმე სახის გარანტია რუსეთის აგრესიული მოქმედების შესაკავებლად ბუნებაში არ არსებობს და შესაბამისად ვერც სასწავლო ცენტრი გახდება ამგვარი ფაქტორი. ამ ცენტრის გახსნით არც ნატოს უჩნდება ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის ვალდებულება რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი და უალტერნატივო გარანტია მხოლოდ ნატოსთან სრული ინტეგრაციაა, რომლისკენაც ჩვენ ყოველდღიურად, დიდი მოთმინებითა და მონდომებით უნდა ვიმოძრაოთ'', - განაცხადა ხარატიშვილმა.
შეგახსენებთ, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა ნატო-ს უელსის სამიტზე გადაწყდა. 27 აგვისტოს, ცენტრის ინაუგურაციას კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრება.