დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსთან "თბილისი" დაკავშირებით სახელოვნებო ორგანიზაციების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა კონკურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოწვეულ სტუმრებს დედაქალაქის კულტურის ხელშეწყობისთვის საკუთარი ხედვები წარმოუდგინეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კონკურსის მიმდინარეობის, კეძოდ, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ჩატარების მიზნებსა და ნომინაციებზე, დაწესებულ პრიზებზე, საზოგადოებისა და სპონსორების ჩართულობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მოაწოდა.
,,ხელოვნებისა და ლიტერატურის კონკურსის “თბილისი” ჩატარების მიზანი ახალი ტალანტების გამოვლენაა. მოგეხსენებათ, არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში ბევრი კარგი შემოქმედი გვყავს როგორც სიტყვის, ასევე სახელოვნებო დარგებში. ამ კონკურსით გვსურს, ხელი არა მხოლოდ ახალგაზრდა შემოქმედთა გამოვლენას, არამედ ძველი თაობის წარმომადგენლების გააქტიურებასაც შევუწყოთ’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
თამარ ტალიაშვილმა მოწვეულ სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს კონკურსის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „კონკურსი „თბილისი“ ხელოვნებისა და ლიტერატურის არაერთ სფეროს აერთიანებს. შესაბამისად, ნომინაციები შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა: წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, პოეტური ნაწარმოები, სიმღერა, ფერწერული ნაწარმოები, ქანდაკება, ფოტოხელოვნების ნაწარმოები, არქიტექტურული ნაწარმოები და ბოლოს თემატური ესე „ჩემი თბილისი“ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. კონკურსით აგრეთვე, გათალისწინებულია განსაკუთრებული ნომინაცია - ეს არის ჟიურის სპეციალური პრიზი. ეს ჩამონათვალი არ მოიცავს ხელოვნების ყველა სფეროს, მაგრამ კონკურსის მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში არის ამბიცია სწორედ ყველა მიმართულება გააერთიანოს ერთ სახელოვნებო-ლიტერატურულ დისკუსიაში“. - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და ყველა კონკურსანტს წარმატება უსურვა.
შეხვედრას საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის, თბილისში არსებული გალერეებისა და ხმის ჩამწერ სტუდიათა წარმომადგენლები დაეწრნენ.