”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანის შეფასებით, რუსეთის ქმედებები ყოველთვის არაადეკვატურია და ამიტომ უჭირს პროგნოზირება, თუ რა რეაქცია მოჰყვება რუსეთის მხრიდან ნატო-საქართველოს საწრთვნელი ცენტრის გახსნას.
,,ბუნებრივია, ჩემთვის უცნობია რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს. ყველა მხარე თანხმდება, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩაფიქრებული არ არის ვიღაცის წინააღმდეგ, თუმცა რუსეთი ნატოს გარკვეულ ქმედებებზე ყოველთვის არაადექვატურად პასუხობს. ამიტომ ძნელია ჩემთვის ანალიზი და პროგნოზირება იმაზე, თუ რას გააკეთებს რუსეთი. რუსეთისთვის ასეთი ქმედება არ არის გამოწვეული იქედან თუ რა აქვს ამას წინაპირობად. ერთ შემთხვევაში შეიძლება ამას მოჰყვეს სხვა რეაქცია, მეორე შემთხვევაში სხვა. ძალიან ძნელია ამის პროგნოზირება”, - აცხადებს სერგო რატიანი ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთის რეაქციებთან მიმართებაში ყოველთვის არათანმიმდევრულია და იგივე განმეორდება ახლაც, თუკი რუსეთის მხრიდან რაიმე ნაბიჯი მოჰყვება.
,,საქართველოს მთავრობა რუსეთის რეაქციებზე არათანმიმდევრულია. მათი ნაბიჯები ნატოსთან მიმართებაში არ არის ხოლმე, ასე ვთქვათ დამაჯერებელი და ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვკარგავთ ხოლმე დროს. უფრო ქმედითი უნდა იყოს საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით”, _ აცხადებს სერგო რატიანი.
შეგახსენებთ, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა ნატო-ს უელსის სამიტზე გადაწყდა. 27 აგვისტოს, ცენტრის ინაუგურაციას კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრება.