ნატოს ცენტრის გახსნა ცალსახად პოზიტიური ფაქტორია, ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ საქართველოს კულტურის ექსმინისტრმა, საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ რურუამ განუცხადა.
რურუა მიიჩნევს, რომ ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ტექნიკური ფაქტორის მატარებელია და ჩვენი ჯარების ნატოს ჯარებთან თავსებადობას ემსახურება მიზნად.
«ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ცალსახად პოზიტიური ფაქტორია, მაგრამ უფრო ტექნიკური ფაქტორების, კერძოდ ჩვენი ჯარის ნატოს ჯარებთან თავსებადობის დონის გასაზრდელად, გაუმჯობესების მიმართულებით“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ რურუამ.
რურუა მიიჩნევს, რომ ნატოსთან დაახლოების ჭრილში ცენტრის გახსნა არ ატარებს პოლიტიკურ დატვირთვას.
„პოლიტიკურად ეს დიდს არაფერს ნიშნავს, გაწევრიანების დაახლოების ჭრილში. გარანტიაც არანაირი ამას არ ახლავს, თუმცა, ვიმეორებ, ამ ცენტრის გახსნა დადებითი მოვლენაა», - განაცხადა რურუამ.
ცენტრის გახსნაზე რუსეთის მოსალოდნელ რეაქციასთან დაკავშირებით რურუა აცხადებს, რომ რუსეთი მოიქცევა ისე, როგორც აქამდე.
„რუსეთს რაც შეეხება, ის მოიქცევა ისე, როგორც აქამდე - თუ ეცოდინება რომ მის ქმედებებზე მცირე ფასი ექნება პოლიტიკურად გადასახადი, ითავხედებს, თუ პირიქით - თავს შეიკავებს. რადგანაც ახლანდელმა ხელისუფლებამ ფაქტიურად გააჩერა საგარეო პოლიტიკა, და ჩამოხსნა საქართველო ყველა საერთაშორისო რადარიდან. წესით რუსეთის მხრიდან ახალ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა რურუამ.
შეგახსენებთ, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა ნატო-ს უელსის სამიტზე გადაწყდა. 27 აგვისტოს, ცენტრის ინაუგურაციას კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრება.