პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნას, შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენითი სამუშაოებიც უკავშირდებოდეს. როგორც მან ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა, ეს არის არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო რკინიგზა, რადგან მასზე რუსი სამხედროები მუშაობენ.
,,სამხედრო რკინიგზის მშენებლობა მიდის - მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის სამხედრო და არა სამოქალაქო. არის ერთ-ერთი ვერსია, რომ რუსები ოკუპირებულ აფხაზეთში აკეთებენ ჩვეულებრივი რკინიგზის მაგისტრალს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამისთვის არსებობს სპეციალური რკინიგზის კორპორაცია. როცა უკვე სამხედრო ჯარები არიან ჩართულნი, ისინი სამხედრო ტიპის ლიანდაგს აგებენ. ეს პირდაპირ შეიძლება დავუკავშიროთ ნატოს საწვრთნელი ცენტრის მშენებლობას, ისევე როგორც სამხედრო წვრთნები, რომელიც 19 სექტემბრამდე გაიმართება. ბუნებრივია ესეც შეიძლება მივიჩნიოთ რუსების პასუხად. რუსეთი უკვე „მუსკულების” დემონსტრაციას ავლენს. იმიტომ, რომ ეს არის ცივი ომი”,- აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში ვახტანგ მაისაია.
თუმცა მაისაია ასევე არ გამორიცხავს, რომ ნატო-საქართველოს საწრთვნელი ცენტრის გახსნას რუსეთის მხრიდან, მხოლოდ განცხადებები მოჰყვება.
,,წესით და რიგით არ უნდა მოჰყვეს რეაქცია, მაგრამ იმის ფონზე, რომ ძალიან გართულებულია სიტუაცია რუსეთსა და ნატოს შორის,რუსეთის მხრიდან მოჰყვება რეაქცია, ეს შესაძლოა იყოს მხოლოდ განცხადებებიც, ეს მათი სტილია”, - დასძენს მაისაია.
შეგახსენებთ, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა ნატო-ს უელსის სამიტზე გადაწყდა. 27 აგვისტოს, ცენტრის ინაუგურაციას კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრება.