დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელი სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწრთვნელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედება იმისდა მიხედვით განისაზღვრება, თუ რა საფრთხეებს აღმოაჩენს იგი ამ ცენტრის არსებობისას. მისი თქმით, არ არის გამორიცხული რუსეთმა რბილი სანქციები დაიწყოს და შემდეგ ეს ქმედება გაამკაცროს კიდეც.
”რუსეთს დიდი ხანია, დამუშავებული ექნება ნებისმიერი ქმედების შესაძლებლობა. გამომდინარე იქედან თუ რა დიდ საფრთხეს აღმოაჩენდა იგი სასწავლო ცენტრში, რომელიც ნატოს ეგიდით უნდა ამოქმედდეს. არაერთი განმარტება მოგვისმენია - არამხოლოდ პუტინისგან, რომ რუსეთი არ დაუშვებს მის საზღვრებთან ნატოს არსებობას. ორიოდე დღის წინ კი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ დასაბუთების გარეშე განაცხადა, რომ საქართველო არასოდეს გახდება ნატოს წევრი. რუსები დაიწყებენ შედარებით რბილი სანქციით, მერე შეიძლება უფრო გამკაცრდეს, იმის მიხედვით, რა რეაგირება ექნება არსებულზე თავად ნატოს მომავალ წელს ვარშავაში ჩასატარებულ შეხვედრაზე”, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში.
მისი თქმით, ამ პროცესის პარალელურად რუსეთთან მიმართებაში საქართველო უნდა იყოს ფხიზლად.
მისი განმარტებით, თუ რუსეთი შემოიტანს ყველა ტიპის ინვესტიციებს საქართველოში, თუ ინფრასტრუქტურაზე რუსული თანხები იქნება დახარჯული, საქართველო საკუთარი ნებით გახდება ჩაბარებული.
”საშიროება არსებობს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გულხედაკრეფილნი დაველოდებით რუსეთის მზაკვრულ ქმედებებს”, - დასძენს ცისკარიშვილი.
შეგახსენებთ, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა ნატო-ს უელსის სამიტზე გადაწყდა. 27 აგვისტოს, ცენტრის ინაუგურაციას კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრება.