მსოფლიო საფონდო ბაზრების დღევანდელ ჩამოშლას საქართველოზე ასე მყისიერად არ უნდა მოეხდინა გავლენა,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე აცხადებს.
,,საქართველო ისე არ არის ინტეგრირებული მსოფლიო საფინანსო სისტემაში, რომ მსოფლიო საფონდო ბაზრების დღევანდელმა ჩამოშლამ ასე მყისიერად მოახდინოს მასზე გავლენა.
ლარის დღევანდელი მკვეთრი გაუფასურება ამ მოვლენისადმი პანიკური რეაქციის შედეგია და რაც უფრო მალე მოიხსნება ფსიქოლოგიური შოკი, მით უკეთესი იქნება ყველასათვის.
ახლა საჭიროა პაუზა. ათამდე უნდა დავითვალოთ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილებები” - ახცადებს გოცირიძე.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 25 აგვისტოს ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.3640ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.7162ლარი ღირს.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0304 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0820 პუნქტით გაუფასურდა
22 აგვისტოს მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.3336ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.6342 ლარი ღირდა.
ამასთანავე, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელიც ხვალიდან უნდა ამოქმედდეს, სავალუტო ჯიხურების ნაწილზე დღესვე აისახა. თუ დღის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.36_2.39 ლარის ფარგლებში იყო შესაძლებელი, 17:00 საათის შემდეგ, სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება 2.40-2.41 ლარია. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.36_2.38 ლარის ფარგლებში იბარებენ.