საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურია ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს ეხმაურება, რომელიც ბერლინის „კონცერტჰაუზში“ გაიმართა.
ღონისძიება გერმანიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ „დაად“-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ქართველი მაესტროს საიუბილეო საღამოს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ბუნდესთაგის, ადგილობრივი მედიისა და კულტურის სფეროს სახელგანთქმული წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ეს იყო ფანტასტიური, ენით აუწერელი კონცერტი. გერმანელმა მაყურებელმა ბერლინში პატივი მიაგო ბატონ გია ყანჩელს, მსოფლიოში ცნობილ, აღიარებულ ქართველ კომპოზიტორს და ამით ქართულ კულტურას. დღეს იყო ქართული კულტურის კიდევ ერთი გამარჯვების დღე და მე ბედნიერი ვიყავი როცა ვუყურებდი ამ დარბაზში მყოფ მაყურებელს, რომელიც ფეხზე ამდგარი დიდი ოვაციებით ხვდებოდა ამ უდიდეს ხელოვანს და უდიდესი ქართული კულტურის წარმომადგენელს. ძალიან მნიშნველოვანია ის, რომ ქართული კულტურის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგოს და მე იმედი მაქვს, რომ ასეთი კონცერტები, ასეთი წარმოდგენები ქართული ხელოვნებისა, ქართული კულტურისა ჩვენ გერმანიაში კიდევ ბევრჯერ გვექნება. მე მინდა საქართველოს საელჩოს სახელით ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ბატონ გია ყანჩელს, რომელიც ჩამობრძანდა გერმანიაში და რომელმაც თავისი აქ ყოფნით კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული კულტურისადმი მისი დამოკიდებულება, გერმანელი მაყურებლისადმი მისი დამოკიდებულება, რაც იმ მრავალრიცხოვან აუდიტორიასა და ოვაციებში ასევე იქნა აღქმული გერმანული მაყურებლის მხრიდან. დღეს ქართული კულტურა კიდევ ერთხელ გაბრწყინდა გერმანულ სცენაზე,“-განაცხადა საქართველოს ელჩმა.
კონცერტის ფარგლებში გია ყანჩელის ნაწარმოებებთან ერთად შესრულდა ცნობილი ესტონელი კომპოზიტორის არვო პიარტის მუსიკა. საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები დუდანა მაზმანიშვილი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ცაგარელი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, წმინდა სამების ტაძრის საკათედრო გუნდი და გერმანიაში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატთაგან შემდგარი ვოკალური ანსამბლი.