პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგრენა საქართველოს დამატებით პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ზიანის მიყენების რესურსი და შესაძლებლობა რუსეთს ისედაც გააჩნია.
”არამგონია საქართველოს რაიმე დამატებითი პრობლემა შეექმნას, რადგან ბაზები, რაც არის საქართველოს ტერიტორიაზე - ცხინვალთან და აფხაზეთში, საკმარისია ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მისაყენებლად. ეს ბაზები ნებისმიერი სამხედრო მოქმედების შემთხვევაში საქართველოს გაწყვეტს შუაში და პრაქტიკულად კატასტროფა იქნება. რკინიგზის დამატება, საკმაოდ სერიოზული ფინანსური ხარჯი იქნება რუსეთისვის. არამგონია, რომ ამ შემთხვევაში მოტივად გამოდგეს. თუ დასჭირდა რუსეთს საქართველოს ისედაც დიდ ზიანს მიაყენებს, რკინიგზის გარეშე”, _ აცხადებს რამაზ საყვარელიძე ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად და უკანონოდ მოქმედებდა ყოველთვის და რკინიგზის აღდგენაზე დაწყებული სამუშაოები გაგრძელებაა მათი უკანონიბისა.
”რუსეთმა კანონს გადააბიჯა მას მერე, რაც შეიჭრა და თავისი ბაზები განათავსა. ასეთი დიდი გადაბიჯება კანონზე, მერე უკვე აღარ აყენებს იმ საკითხს, კანონს უკვე გაითვალისწინებს რუსეთი თუ არა. ამ ნაბიჯების მერე კონკრეტული შემთხვევები, რა თქმა უნდა, უკანონოა. ამ შემთხვევაშიც რუსეთი მოქმედებს საქართველოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, სრულად უკანონოდ”, _ განმარტავს რამაზ საყვარელიძე.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლა წლის ბოლომდე მოწესრიგდება, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი აცხადებს. იგი ადასტურებს ინფორმაციას ოჩამჩირიდან ენგურამდე, სარკინიგზო მაგისტრალზე, რუსი სამხედროების მიერ, გაწმენდვითი სამუშაოების დაწყების შესახებ.