საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლის კვლევის პროცესში, ახალი აღმოჩენა - ძვ.წ აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთეხევლი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა.
არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 700 წლის ისტორიას ცხადყოფს.
გრაკლიანის ახალ აღმოჩენას ადგილზე გაეცნო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე.
ახალი აღმოჩენის შესაფასებლად ადგილზე ასევე იმყოფებიან აკადემიკოსები რისმაკ გორდეზიანი, ელგუჯა ხინთიბიძე და პროფესორები ლევან გორდეზიანი და გურამ გრიგოლია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა. ამ დროისთვის ადგილზე უკვე დაწყებულია მუზეუმის სამშენებლო და ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები. ასევე იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობა.
გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. გრაკლიანის არქეოლოგიური საიტი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.