ხვალ, 14 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმში, არტ-გალერეა „შუშის სახლში“ ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფის, ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახის - სვენ მარქუარდტის გამოფენა “FOTOGRAFIEN” გაიხსნება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის „ბლიკ 2015“ ფარგლებში იმართება, რომელიც პროექტის „სითი საუნდის“ ერთ-ერთ მასშტაბურ ღონისძიებას წარმოადგენს.
სვენ მარქუარდტის შემოქმედება ტექნო-კულტურის განუყოფელი ნაწილია. მან ფოტოგრაფის კარიერა ოთხმოციან წლებში, აღმოსავლეთ ბერლინში დაიწყო. Deutsche Film-Aktiengesellschaft-ში (DEFA) კამერის ასისტენტობის და ფოტოგრაფიის შესწავლის შემდეგ, მარქუარდტის პირველი პუბლიკაციები Der Sonntag-სა და Das Magazin-ში გამოჩნდა. 1985-1986 წლებში, სვენ მარქუარდტი ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფის რუდოლფ შეფერის ასისტენტად მუშაობდა. მოგვიანებით, მან მუშაობა მოდის ჟურნალ Sibylle-ში დაიწყო, პარალელურად დაკავებული იყო მოდის სპექტაკლის “Allerleirauh-ს“ (1987–1989) მონაწილეების ფოტოსესიით და შავ-თეთრ ფერებში აღბეჭდავდა აღმოსავლეთ ბერლინის პრინცლაუერ ბერგის რაიონს.
სვენ მარქუარდტი კლუბური მუსიკის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი სახეა, იგი 2004 წლიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბერლინური კლუბის „Berghain“-ის „ფეისკონტროლია“. ფოტოგრაფი თავის გამოფენას ბათუმში პერსონალურად წარადგენს და ფესტივალის ფარგლებში ბათუმში ერთ კვირას დაჰყოფს.
სოლო გამოფენები:
- 2007 – „13 მთვარე“, ბერლინი, გერმანია
- 2006-2008 – „არქანგელოზი“, ბერლინი, გერმანია
- 2011 – „პორტრეტები“, ჰალი, გერმანია
- 2012 – „მომავლის წარსული“, ამსტერდამი, ჰოლანდია
- 2013 – „ფოტოგრაფიები“, თელ ავივი, ისრაელი
- 2014 – „სვენ მარქუარდტი“, ლიონი, საფრანგეთი
- 2015 – „“მარქუარდტი“, პოტსდამი გერმანია
ჯგუფური გამოფენები:
- 2008 - მერი კარნოვსკის გალერეა, ბერლინი, გერმანია
- 2011- ნეონშოკოლადის გალერეა, ბერლინი, გერმანია
- 2012 - მიულენჰაუფტის მუზეუმი, ბერლინი, გერმანია
- 2012 - პალაცო სალუცო პესანა, ტურინი, იტალია
- 2015 - ვირონ ე ვერტი, მილანი, იტალია