მეორე დღეა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადება დაიწყო. პირველი შესარჩევი ტურები მათემატიკასა და ფიზიკაში თბილისის №98 საჯარო სკოლაში გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება, ხოლო III და IV ტური - 12 და 13 მაისს გაიმართება.
მიმდინარე წელს საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველო დელეგაციებს სამ დისციპლინაში წარადგენს - ფიზიკის 41-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველო 5 მოსწავლით წარსდგება, რომელიც ხორვატიის ქალაქ ზაგრებში 17-25 ივლისს გაემართება, მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე 6 მოსწავლე ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში 2-14 ივლისს გაემგზავრება, ინფორმატიკის 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე კი 4 მოსწავლე კანადის ქალაქ ვატერლოოში 14-21 აგვისტოს მიიღებენ მონაწილეობას.
ამასთან, წელს, პირველად, ქართველი დამკვირვებელი ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, კორეის ქალაქ ჩანგვონში გაემგზავრება, რაც ქართველ მოსწავლეებს მომავალში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.
საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების წევრების შერჩევასა და მომზადებას საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი განახორციელებს.