24 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე უკვე მეშვიდედ გაიმართება საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ლიანა ისაკაძე.
ფესტივალის ისტორია გასული საუკუნის 80-იან წლბიდან მომდინარეობს და საქართველოს უმშვენიერესი მხარეს აფხაზეთსა და მის კურორტ ბიჭვინთას უკავშირდება.
სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, კვლავ საქართველოს ზღვისპირეთში - ქალაქ ბათუმში, ლიანა ისაკაძის ინიციატივითა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა ამ ფესტივალის აღდგენა.
2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი „მსოფლიო კამერული ანსამბლი ვირტუოზები“, რომელშიც მან გააერთიანა ცნობილი სოლისტი-შემსრულებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, რასაც ადასტურებს მათი არაერთი წარმატებული კონცერტი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათ შორის აღსანიშნავია 2014 წელს ინგლისში, ხოლო 2015 წლის აშშ-ში გამართული კონცერტები. ეს უკანასკნელი საქველმოქმედო იყო და 6 ივნისს, ნიუ იორკის „კარნეგი ჰოლში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ი. ღარიბაშვილის პატრონატით დიდი წარმატებით ჩატარდა. კონცერტიდან მიღებული შემოსავალი, კი ნიუ იორკის წმ. ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიას გადაეცა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წლიდან, ფესტივალის მასშტაბები კიდევ გაიზარდა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით „ღამის სერენადებს“ უკვე თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სახელი მიენიჭა.
VII ფესტივალში, ლიანა ისაკაძისა და მის მიერ შექმნილი „მსოფლიო კამერული ანსამბლ ვირტუოზებთან" ერთად მონაწილეობენ საქვეყნოდ აღიარებული სოლისტები და დირიჟორები.
საფესტივალო საღამოები ბათუმში 25, 26, 28 და 30 აგვისტოს გაიმართება, ხოლო 2, 3 და 4 სექტემბერს - ქალაქ თბილისში. 2 და 3 სექტემბერს კონცერტები ჩატარდება კონსერვატორიის დიდ დარბაზში. 4 სექტემბერს კი, საქველმოქმედო საღამო სასტუმრო „რედისონ ბლუ, ივერიაში“ შედგება და კონცერტიდან შემოსავალი, ლიანა ისაკაძისა და ანსამბლ „ვირტუოზების“ სურვილით, „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ გადაირიცხება ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, ქ. თბილისის საკრებულო და ქ. თბილისის მერია.
ფესტივალის მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.