პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიურის შეფასებით, ქვეყანაში ყველა პირობა არსებობდა იმისათვის, რომ ლარის გაუფასურება არ მომხდარიყო. მისი თქმით, ეროვნული ბანკი - მინიმუმ უმოქმედობით, უწყობდა ხელს ლარის კურსის დევალვაციას.
” ლარის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამას ამაგრებდა ისიც, რომ იზრდებოდა ტურისტების ნაკადი თვეების მიხედვით. საბერძნეთში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, მართალია შემცირდა გზავნილები, თუმცა არც ისეთი კატასტროფული მდგომარეობა არ დაფიქსირებულა, როგორსაც ველოდით. გაზრდილია ექსპორტი წინა თვეებთან შედარებით. ამას დაემატა ახალგაზრდული ოლიპმიური თამაშები და დღვანდელი მატჩი, რომელმაც უამრავი ტურისტი მოიზიდა. ყოველივე ამ ფონზე, მინიმუმ არ უნდა მომხდარიყო ლარის კურსის კიდევ უფრო დაცემა. ეროვნული ბანკი - მინიმუმ უმოქმედობით, უწყობდა ხელს ლარის კურსის დევალვაციას. ჩემი სუბიექტური აზრია - ის დღესაც იგივეს აკეთებს უმოქმედობით და პლუს ხელის წაშველებით”, - განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ლარის გაუფასურებას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ სებ-ის კანონპროექტზე ვეტოს დადებამ.
” ახლა ზაფხულია, მოგეხსენებათ ვეტოს დაძლევა სექტემბრამდე გადაიწია. ამან მისცა ზოგიერთებს იმედი, რომ სხვადასხვა ფორმით მოქმედებას შეიძლება მოეტანა შედეგი და გაეუქმებინა კანონი. ამ მიმართულებით უკვე გააქტიურდა, როგორც არასამთავრობოები, ისე პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტის ადმინისტრაცია”, - განმარტავს მეჭიაური.