ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკითხვისას დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა ზურაბ ადეიშვილისა და ნინო ქადაგიძის შეხვედრის უცნობ დეტალებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ნანახი აქვს ჟვანიას გარდაცვალების საქმის მასალები, მათ შორის "ეფ-ბი-აის" დასკვნა და დარწმუნებულია გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში. გოგორიშვილმა განაცხადა რომ ზურაბ ჟვანია მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანია და მისი არასდროს შერცხვება.
,,ზურას გარდაცვალება მოხდა ნამდვილად საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში. მასალებს რომ გავეცანი, ამაში დავრწმუნდი. "ეფ-ბი-აის" დასკვნაში მითითებულია, რომ ზურა გარდაიცვალა სწორედ ამ სახლში და მეორეც - ეს იყო უბედური შემთხვევა", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ მაჭავარიანსა და ჟვანიას მეუღლესთან, ნინო ქადაგიძესთან ერთად იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს შეხვდა.
"მე, ნინო და მიშა ვიყავით პროკურატურაში. ნინომ მთხოვა, რომ მარტო არ გამეშვა. გავეცანით "ეფ-ბი-აის" დასკვნას. შემდეგ ავედით ადეიშვილთან. ნინომ ჰკითხა მას, აუცილებელი იყო თუ არა ამ დასკვნის გასაჯაროება. ადეიშვილმა უთხრა, რომ არ არის აუცილებელი. როდესაც მოვდიოდით, ნინომ ჰკითხა, რამდენ ხანს შეიძლება ამის თაროზე შემოდებაო. ადეიშვილმა უპასუხა: რამდენ ხანსაც ჩვენი ხელისუფლება იქნებაო", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
სასამართლო სხდომაზე დღეს ასევე დაიკითხა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიხეილ მაჭავარიანი.