თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში მომუშავე 22 მანდატურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამედიცინო დაზღვევის ჯგუფის "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ სამედიცინო დაზღვევის პოლისები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, "უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურის ინსტიტუტის დანერგვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხელისუფლება ზრუნავს როგორც მოსწავლისა და მასწავლებლის, ასევე თავად მანდატურის უსაფრთხოებაზეც და მათ სრულყოფილ სოციალურ პირობებს უქმნის. მანდატურების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა სწორედ ამის ნათელი მაგალითია", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მანდატურებისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაზღვევის პოლისში სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებაა გათვალისწინებული. დაზღვეულებს გადაუდებელი ამბოლატორიული და ამბოლატორიული, ოჯახის ექიმისა და სტომატოლოგიური მომსახურება "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებში ჩაუტარდებათ.
მანდატურების სადაზღვევო პოლისი ასევე სამოგზაურო დაზღვევასაც ითვალისწინებს.