ბიზესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ირწმუნება, რომ ქონების დაყადაღება რუსთავი 2-ს მუშაობაში ხელს არ შეუშლის. მისი თქმით, დაყადაღება ტელეკომპანიას ხელს არ უშლის ამ ქონების გამოყენებაში და ძალიან ბევრი ადამიანი დაყადაღებული ქონებით ცხოვრობს.
„მოთხოვნილი იქნა „რუსთავი 2“ -ის 100 % წილის დაყადაღება. ასევე, მოთხოვნილი იქნა, რომ ხელმძღვანელობას აეკრძალოს, გაასხვისოს ტელეკომპანიის სახელზე არსებული კერძო ქონება. რაც შეეხება ავტომობილებს, ეს პროცედურული საკითხია. დანარჩენ ქონებაზე მიმართვა ხდება საჯარო რეესტრისათვის, ხოლო ავტომობილებთან მიმართებაში, ამას სააღსრულებლო ბიურო ახორციელებს“, - განაცხადა ადვიკატმა.
მისი განმარტებით, ეს არის პრევენცია იმისთვის, რომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ, ტელეკომპანიის წილების გადაფორმება მესამე პირზე არ მოხდეს.
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, „რუსთავი 2“-ის კუთვნილ ავტომობილებს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ნომინალური მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.