საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს სამი სარჩელი დააკმაყოფილა.
კერძოდ, „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს და დაადგინოს, რა ოდენობით ზიანი მიადგა უკანონოდ განთავისუფლებულ მოხელეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის უკანონოდ განთავისუფლებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამასთან, მართალია, სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვა წარმოადგენს მნიშვნელოვან მიზანს, თუმცა ის ვერ გაამართლებს კერძო პირის ინტერესის შელახვას, აინაზღაუროს სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანი.
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელიც და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები („გამოძიების ქვეშ ან“), რომელიც კრძალავდა გამოძიების ქვეშ მყოფი პირების საჯარო სამსახურში მიღებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩლი საქმეზე „მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ამ კოდექსის“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
ხსენებული სადავო ნორმა სისხლის სამართლის პროცესში დაუშვებლად აცხადებდა მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს და ახდენდა სხვა საკანონმდებლო აქტების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მტკიცებულებების მოპოვების პროცესში, შესაძლოა, დაირღვეს არა მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, არამედ ასევე საქართველოს კონსტიტუციის და სხვა საკანონმდებლო აქტების [როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო] მოთხოვნები, რომლებიც ადგენენ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის გარანტიებს. კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს ერთის მხრივ პროცესის მონაწილეების და გარეშე პირთა უფლება-თავისუფლებების ხელყოფისგან და სახელმწიფოს მხრიდან უფლებებში გადამეტებული და უკანონო ჩარევის შესაძლებლობისგან დაცვის ეფექტიან და ქმედით გარანტიებს, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებული ინფორმაციის ბრალდებულის მამხილებელ მტკიცებულებად გამოყენების შეუძლებლობას.