საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, საქართველო ევროკავშირის საბჭოს მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ახალი არაფერი არ მომხდარა. მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან, 2014 წლის 23 აპრილს დაწესებული იყო 12 სანქცია და საქართველო აქედან ერთ-ერთს მიუერთდა.
,,2014 წლის 23 აპრილს ევროკავშირის საბჭომ მიიღო დადგენილება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის კონტექსტში ყირიმსა ან სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინ მივუერთდით ევროკავშირის ამ დადგენილებას. ეს ერთწლიანი დადგენილება იყო. სანამ ამოიწურებოდა ეს ერთწლიანი ვადა, 4 დღით ადრე, 19 ივნისს, მოხდა ამ დადგენილების ავტომატურად გაგრძელება და შესაბამისად ჩვენი მიერთებაც გაგრძელდა. ევროკავშირის მხრიდან დაწესებული იყო 12 სანქცია და ჩვენ აქედან ერთ-ერთს მივუერდით. ეს ეხება ოკუპაციის კონტექსტში, ყირიმში ან სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს. ეს ზუსტად იგივეა, რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე. ჩვენ, უბრალოდ, არ გვქონდა იმის საშუალება არ მივერთებოდით, იმიტომ, რომ ზუსტად იმავეს ვითხოვთ ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებაში. უბრალო,დ ჩვენ არ ვიქნებოდით თანმიმდევრულები, რომ ასეთი რამე არ გაგვეკეთებინა. კიდევ ერთხელ ვამბობ - ახალი არაფერი მომხდარა. მივუერთდით შარშან, წელს ამოიწურა ვადა, ერთი თვის წინ”, - განმარტა ჟურნალისტებტან დონდუამ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს, საქართველოსა და უკრაინის მიერ, ევროკავშირის სანქციების მხარდაჭერის გამო.
რუსული მედიის ცნობით, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უპასუხოს სანქციებს იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, მაგრამ რუსეთის მიმართ მიღებულ სანქციებს შეუერთდნენ. "აუცილებლად მოყვება შესაბამისი ზომები", - განაცხადა პესკოვმა.