ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მცირე ინციდენტმა არ უნდა გადაფაროს უცხოელების მიერ საუკეთესოდ შეფასებული გახსნითი ღონისძიება.
გუშინ სტადიონზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს იყო აალება, რომლის ალბათობაც 1%-ით დაშვებული იყო.
,,ჩვენმა მეხანძრეებმა დაახლოებით 15 წამში უკვე დაიწყეს აალების ჩაქრობა. გრანდიოზული ფოიერვერკისთვის ლოკომოტივის სტადიონი არის პატარა, აქედან გამომდინარე, ასეთი შემთხვევის 1% არსებობდა. ეს 1% გადავაზღვიეთ, მოვახდინეთ ტრიბუნებზე სკამების დემონტაჟი, რომ იქ არ ყოფილიყვნენ ადამიანები და არ მომხდარიყო რაიმე საშინელება. მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურები, თუ ჩვენ გვინდა, რომ ამხელა მოვლენა 2-3 ნაპერწკალს გადავაყოლოთ, ეს პრობლემაა", - განაცხადა ახვლედიანმა.
რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, მთავარი ოლიმპიური ცეცხლის ანთებასთან დაკავშირებით, მისი განცხადებით, გული წყდება, რომ ეს სიუპრიზი ხალხამდე ვერ მივიდა.
"მთავარი სიურპრიზის საზოგადოებისთვის სათანადო მიწოდება ვერ მოხდა, ამის მიზეზი არის ტექნიკური პრობლემები, კერძოდ, რაც უკავშირდება ვიდეოგადაღებას", - განმარტა ახვედიანმა.
შეგახსენებთ, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის ბოლოს, მცირე ინციდენტი მოხდა. ფოიერვერკის დროს, მთავარი სცენის უკან მდებარე ცარიელ ტრიბუნას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ტრიბუნის ნაწილი დაიწვა. შედეგად არავინ დაშავებულა.